გიგი უგულავა სომხური ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდა
საზოგადოება | 02.02.2010,17:14
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს სომეხი მხატვრებისა და ფოტორეპორტიორების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და საქართველოში მოღვაწე სომხური ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდა.
პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხურ დრამატულ თეატრში ღონისძიება ტრადიციული სომხური ფოლკლორის ფონზე გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები, ხის ნაკეთობები და უძველესი ნივთები.
გიგი უგულავას განცხადებით, თბილისის უნიკალური თვისება, ყველა აქ ჩამოსული ადამიანი თბილისელად აქციოს, დედაქალაქში მცხოვრებმა სომხებმა კარგად გაითავისეს და მათ ქალაქის მშენებლობაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მერი, შესაძლებლობის ფარგლებში, თანადგომას დაჰპირდა. სომხურ საზოგადოებასთან შეხვედრას და მათი პრობლემების დეტალურად გაცნობას გიგი უგულავა მომავალშიც გეგმავს.